საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პერსონალური მონაცემების დაშტრიხვის წესი პრობლემატურია

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ანალიზი 30 ოქტომბერი 2017

ავტორები: გიორგი ბერაია და მარიამ ორჟონია

 

2017 წლის 15 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქე ს.გ.-ს კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N864). სარჩელის ფარგლებში სადავოდ იყო გამხდარი იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებითაც სამართალდამცავების მიერ ოჯახში ძალადობის შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის დისკრეციული წესით გამოცემა იყო დადგენილი.


2017 წლის 12 ოქტომბერს კი საკონსტიტუციო სასამართლომ ამავე საქმეზე მიიღო განჩინება, რომლითაც საქმე შეწყდა სადავო ნორმების ცვლილების გამო.


სასამართლოს მიერ როგორც 15 თებერვალს ისე 12 ოქტომბერს მიღებულ ორივე აქტში, მოსარჩელის სახელი და გვარი დაშტრიხულია. ამავე დროს, 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინების შემთხვევაში, სასამართლომ დაშტრიხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ხოლო 15 თებერვლის გადაწყვეტილების შემთხვევაში კი, მის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დაშტრიხა მოსარჩელის მონაცემები. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის მანძილზე, როცა გადაწყვეტილებაში მოსარჩელის მონაცემები მხოლოდ ინიციალებით არის მოცემული, შესაბამისად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მისი შეფასება.

 

სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი


როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2017 წლის 12 ოქტომბრის დაშტრიხვის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. კერძოდ, მოსარჩელემ იშუამდგომლა, რომ მას „მიზანშეწონილად არ მიაჩნია განსახილველ საქმეზე სასამართლო პროცესის დახურვა, თუმცა მართებულად მიიჩნევს, საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დოკუმენტების გამოქვეყნებისას დაიფაროს ან ინიციალებით აღინიშნოს მოსარჩლის პერსონალური მონაცემები“. სასამართლომ 2017 წლის 12 ოქტომბერს მიღებულ განჩინებაში განმარტა, რომ მსგავსი ქმედების მიზეზს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვა წარმოადგენდა.


როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციური სარჩელი ეხება ოჯახური ძალადობის მსხვერპლს და უშუალოდ მის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტებს, მოსარჩელის ვინაობის გასაჯაროება იძლევა ამ პირის შესახებ საზოგადოებისთვის იმ ტიპის ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას, რომელიც უაღრესად პირად და სენსიტიურ თემას ეხება. კერძოდ, მასზე სხვადასხვა ფორმით ოჯახში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისთვის დაშვებული გამონაკლისი შემთხვევები.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი

 

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გიორგი კვერენჩხილაძე არ დაეთანხმა 12 ოქტომბრის განჩინების განჩინებაში მონაცემების დაშტრიხვის სავალდებულოობას და მიუთითა, რომ „საქმის დასახელება, მოსარჩელე და მოპასუხე მხარის, საქმის განხილვის მონაწილეების ვინაობა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის განუყოფელ ნაწილს. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის დეპერსონალიზაციის ან მონაცემთა სხვაგვარი დაფარვის შედეგად, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს სული ტექსტი ვერ გამოქვეყნდება“ და, შესაბამისად, ვერ შესრულდება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები. მოსამართლემ მიუთითა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს აქვს უპირატესი იურიდიულ ძალა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებით. შესაბამისად, მისი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა ორგანული კანონით და გამოქვეყნებინა განჩინების სრული ტექსტი.

 

მოსამართლემ ყურადღება ასევე გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკით სასამართლოს მიერ მიღებულ აქტებში მონაცემების დაშტრიხვა არ ხდებოდა და განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მონაცემების დაშტრიხვისას დაეყრდნო კანონის იმ ნორმას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული და რომლის კონსტიტუციურობაც ამავე კოლეგიამ უნდა შეაფასოს.მოსამართლემ აგრეთვე აღნიშნა, რომ არსებული კანონმდებლობით დოკუმენტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის საკითხის უნდა გადაწყვიტოს უშუალოდ ადმინისტრაციულმა ორგანომ ან უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პერსონალურ მონაცემთა დაფარვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო დოკუმენტებით გარანტირებული სასამართლო განხილვების საჯაროობის პრინციპი, თავის თავში  მოიაზრებს გადაწყვეტილებების საქვეყნოობისა და საჯაროობის პრინციპსაც.  აღნიშნული პრინციპები გულისხმობსარამხოლოდ სასამართლო პროცესზე ფიზიკურად დასწრებას, არამედ პირის უფლებას, სრულიდა დაუბრკოლებელი წვდომა ჰქონდეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა, მისი გაცნობა და შეფასება, შესაძლოა, მხოლოდ მართლმსაჯულების კონკრეტული სუბიექტის პიროვნების გათვალისწინებით იყოს მნიშვნელოვანი, რადგან აღნიშნულ თავისებურებები განსაკუთრებულ როლს თამაშობს სასამართლო გადაწყვეტილებების სრულად აღსაქმელად. ხშირ შემთხვევაში,  სწორედ ეს ინფორმაცია იწვევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიმართ ლეგიტიმურ ინტერესს. ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა საჯარო სხდომაზე მიმდინარეობს, სადაც ნებისმიერ პირს აქვს დასწრების და საქმის დეტალების შესახებ ინფორმაციის თავისუფლად მიღების საშუალება.

 

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოებისაგან განსხვავებით, არ ფარავდა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას. თავის მხრივ, საერთო სასამართლოების მიერ ჩამოყალიბებული  პრაქტიკა კი, ხშირად გამხდარა საფუძვლიანი კრიტიკის საგანი.

 

ამ კუთხით, გასათვალისწინებელია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოცდილება, კერძოდ განმცხადებლებმა, რომლებსაც არ სურთ საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება,  თხოვნით უნდა მიმართონ სასამართლოს და მიუთითონ მიზეზები, რის გამოც, საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილებაში პერსონალური მონაცემების დაფარვა. სასამართლო ინდივიდუალურად აფასებს დაპირისპირებულ ინტერესებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მოსარჩელეთა ვინაობის დაფარვის თაობაზე.  შესაბამისად ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტექსტში არსებობს ჩამოყალიბებული წესები და სტანდარტები, რომლებიც ემსახურება დაპირისპირებულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დადგენას.

 

ეჭვგარეშეა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტში გადაწყვეტილებების საჯაროობის უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მისი გადაწყვეტილებები ეხება არამარტო კონკრეტულ მოსარჩელეებს, არამედ პირთა განუსაზღვრელ წრეს და შეიძლება იწვევდეს სისტემურ ცვლილებებს ქვეყანაში. ამის ფონზე, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლისას გამოიკვეთა კონკრეტული სამართლებრივი პრობლემებიც რაც საჭიროებს დახვეწას: 

 

ა. პერსონალურ მონაცემთა დაფარვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება

 

- საჯარო ინფორმაციის გაცემა და შესაბამის დოკუმენტის დეპერსონალზაციის თაობაზე გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით წარმოადგენს ადმინისტრაციულ პროცესს და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი ან ორგანო; საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია კი, რომელმაც გადაწყვეტილებები დაშტრიხა, იქმნება და ფუნქციონირებს მხოლოდ საკონსტიტუციო სამართალწარმოების განხორციელების მიზნებისათვის. შესაბამისად, კოლეგია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან და პლენუმისგან განსხვავებით, არც კანონმდებლობით და არც საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით კოლეგია არ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს ესა თუ ის ადმინისტრაციული საკითხი.

 

- ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელ კანონმდებლობაში არ არის გაწერილი წესები, თუ რა შემთხვევაში შეუძლია პირს მოითხოვოს პერსონალური მონაცემების დაფარვა, რა პროცედურებით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ და რა შემთხვევაში დააკმაყოფილოს ან არ დააკმაყოფილოს პირის მოთხოვნა.

 

- ზოგადად არსებობს სხვადასხვანაირი მოდელი, მათ შორის, როდესაც თავად სასამართლო წყვეტს როდის მოხდეს პერსონალური მონაცემების დაფარვა, მაგრამ აუცილებელია ეს უფლებამოსილება სასამართლოს მინიჭებული ჰქონდეს შესაბამისი კანონმდებლობით ან შიდა აქტით. თუმცა, საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის პირობებშიც, აუცილებელია, აღნიშნული საკითხი, თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეფასდეს, განსახილველ საქმეში არსებული გარემოებების ზედმიწევნით შესწავლით.

 

ბ. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების პრობლემბურობა

 

- საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ ჰქონია შეემთხვევა, როდესაც საკითხი შეეხებოდა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს, მიუხედავად ამისა იგი მაინც არ შიფრავდა გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ჩვენ მიერ განხილული შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს პრაქტიკიდან ამოვარდნილად. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს იმავე კოლეგიამ 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტი წინააღმდეგ) არ დაშიფრა პირის ნასამართლეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ასევე წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემეს.

 

- გარდა ამისა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პერსონალურის მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-6 მუხლის გამოყენება არის თავისთავად პრობლემური, რადგანაც სადავოა თუ რამდენად მიეკუთვნებოდა ეს შემთხვევა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს. კანონის თანახმად განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები. ამ საფუძველებიდან არცერთი მათგანი არ მოიაზრებს მოსარჩელის შემთხვევას, რომელიც შეეხებოდა შემაკავებელი ორდერის გამოცემას და მასზე განხორციელებულ ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაციას. ამგვარი ინფორმაცია შეიძლება ჩაითვალოს პერსონალურ მონაცემად და არა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემად. 

 

- იმ შემთხვევაში, როცა სახეზე არ არის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, მათი გამჟღავნება შეიძლება გამონაკლის შემთხვევებში, თუ აღნიშნული გათვალისწინებულია კანონით. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა კი ადგენს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ვალდებულებებს. შესაბამისად, იგი შეიძლება ჩაითვალოს ამგვარ გამონაკლისად. ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში სამართალწარმოების მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებაზე, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს სამართალწარმოება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუნდაც გამართლებული ყოფილიყო მოსარჩელის მონაცემების დაშიფვრა, სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა ამ გადაწყვეტილების მისაღებად არასწორი სამართლებრივი საფუძველი.

 

გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესის პრობლემურობა


საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 15 თებერვლის საოქმო ჩანაწერში საკუთარი ინიციატივით, მხარის მოთხოვნის გარეშე, დაშიფრა მოსარჩელის პერსონალური მონაცემები. საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერში არ მიუთითებია აღნიშნულის საფუძველი და არც რაიმე სახის დასაბუთება. 2017 წლის 18 ივლისს IDFI-მ საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა მოსამართლეების მიერ ხელმოწერილი საოქმო ჩანაწერის ასლი. სასამართლომ კანონით განსაზღვრული ვადების დარღვევით, მხოლოდ 2017 წლის 11 ოქტომბერს მოგვაწოდა საოქმო ჩანაწერის და ასევე 2017 წლის 15 თებერვალს მიღებული განჩინების ასლები, სადაც განმარტებულია ამავე დღეს მიღებული საოქმო ჩანაწერის დაშტრიხვის მიზეზები.


მიუხედავად იმისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ყველა განჩინება უნდა გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, აღნიშნული განჩინება დღემდე არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. ამასთან, გაუგებარი რჩება, ის თუ რატომ მიიღო სასამართლომ საოქმო ჩანაწერის დაშტრიხვაზე ცალკე განჩინება და რატომ არ იმსჯელა იმავე საოქმო ჩანაწერში აღნიშნული საკითხის შესახებ, როგორც ეს შემდგომ, 2017 წლის 12 ოქტომბერს მიღებულ განჩინებაში გააკეთა.


აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადებაზე საპასუხოდ, სასამართლოს თითქმის 3 თვე დასჭირდა. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ 2017 წლის 15 თებერვლით დათარიღებული განჩინება მიღებული იქნა შესაბამისი პროცედურების დარღვევით.


შეჯამება


IDFI “საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში მუშაობს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებაზე და მის აღმოფხვრაზე და უახლოეს მომავალში საჯარო განხილვისთვის წარმოადგენს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ უფრო დეტალურ ინიციატივებს. თუმცა, მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლის საფუძველზე უკვე შეიძლება გამოიკვეთოს ორი მნიშვნელოვანი საკითხი:


- არსებული ეჭვების გამოსარიცხად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს თუ რატომ არ გამოქვეყნდა 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება ვებგვერდზე, ისევე როგორც, თუ რატომ გახდა საჭირო ამ საკითხზე ცალკე განჩინების მიღება.


- საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს გადაწყვეტილების დეპერსონალიზაციის წესი კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024